ნიკო გომელაური

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
**********************************************

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა
****************************************

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
*****************************

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
***********************

მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

,,რა მემართება? რა მემართება?”
– მაინც თავისით წარიმართება . . .

*****************************

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …
***************************

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
*****************************

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .
*************************

ღვთის წინაშე ჩემი ბრალი

არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა..
***************************

წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,

მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***************************

მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
*******************************

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…

**********************

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..
*************************

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
*******************************

ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…
************************
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s