ცა მეტი

შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო იანვრის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა_ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი…
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვიპდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს _ ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც _ ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s