შექსპირის სონეტები

შენ, როგორც მუზამ, შთამაგონე იმდენი ლექსით,
იმდენ ნაკადულს მიმადევნე, როგორც სათავემ,
რომ პირმოთნენიც, სახელად რომ პოეტი ეთქმით,
ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ, ლექსებს ხლართავენ.

მუნჯსაც ჰგონია, შენს თვალებთან მართავს საუბარს,
მავან ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია…
თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი გაუბამს
და მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.

ნუ გჯერა, რომ ვინც გაგაღმერთებს მხოლოდ მისი ხარ,
მლიქვნელთა ბრბოებს შენსკენ სავალ გზას რა დაულევს?!
შენ სხვებისათვის მხოლოდ ლექსის სამშვენისი ხარ
და გიმართავენ პირფერობის დღესასწაულებს.

შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება,
რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება.
****************************************
სონეტი 40

მთელ ჩემს სიყვარულს შენ გიბრუნებ, შენ დაგიბრუნებ
ყველაფერს, რასაც თავად ფლობდი, როგორც მეუფე;
ჩემში გრძნობათა ნაკვალევს თუ სადმე იგულებ,
შენ დაგიბრუნებ!… მთელ შენს კუთვნილს შენ დაეუფლე!

თუ ჩემს სიყვარულს შეითვისებს შენი ბუნება,
თუ ჩემს გაძარცვას ვეღარასგზით გვერდს ვერ აუვლი,
ჩემგან განცდილით გამდიდრების თუ გაქვს ცდუნება,
დაე, ეს იყოს მთელი შენი დანაშაული.

მიჯობს, მაცდური სათნოების მერქვას მონა და
ჩემს უკაცრიელ გულში წყენა ვერვინ დატიოს,
დაე, სიყვარულს გადაბრალდეს ცოდვის ქონა და
შენ გეპატიოს ყველაფერი, შენ გეპატიოს!

თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა,
ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა
**********************************************
წაიღე მთელი სიყვარული ძვირფასო ჩემგან,
მაგრამ მდიდარი თავი უფრო ნუ გეგონება,
ძვირფასო,რასაც სიყვარულის სახელი ერქვა,
უამისოდაც იყო მხოლოდ შენი ქონება.
მე არ გაყვედრი რომ ეს გრძნობა მხოლოდ შენია
რაც მაბადია სულ შენია, რაც გინდა უყავ!
მაგრამ ერთი რამ გასაკიცხი და საწყენია,
გემოს უსინჯავ და სიყვარულს მიბრუნებ უკან.
ძვირფასო ქურდო,მოგიტევე ქურდობა შენი,
თუმც ღარიბ-ღატაკს ყველაფერი შემომელია,
ნაცნომ სიძულვილს სიყვარული ღებულობს წყენით,
მაგრამ ეს მტრობა სიძულვილზე უფრო ძნელია,
შენი სიავე ჰგავს სიკეთეს,ავხორცო ტრფობავ,
მომკალი,მაგრამ ნუ იქნება ჩვენს შორის მტრობა.

***********************************************
ზოგი ამაყობს დიდი გვარით, ზოგი ქონებით,
ზოგი ძალას ფლობს, ზოგი აქებს თავის ხელობას,
ზოგი სამოსელს იხდენს ტანზე თავმომწონებით,
ზოგის სახელს კი ცხენი უქმნის სასახელობას.
ყველას აქვს რაღაც საკუთარი ზნე თუ საგანი,
რაც მის სიცოცხლეს განდიდების დაღად აჩნია,
ჩემს საზომად კი არ გამოდგა ამათთაგანი
და ბედმა ჩემთვის საამებლად სხვა რამ არჩია.
შენ რომ მიყვარხარ, მე ამით ვარ სხვებზე მდიდარი,
ეს მირჩევნია გვარს და ცხენს და ოქროს ვარაყებს,
ვერ შეედრება მას ქონება ვერავითარი
და ქვეყნად მხოლოდ შენთან ყოფნა გამაამაყებს.
მაგრამ ეს ერთი დარდი მიკლავს გულს და გონებას, –
თუ მიმატოვებ, მე დავკარგავ მთელ ჩემს ქონებას.

***********************************************

ყველაფრით დაღლილს სანატრელი სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფარა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგენ უვიცი და რეგვენი ბრეძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა…

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფო ობლად რომ დამრჩეს……
*************************************************************************

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s