ნიკო ლორთქიფანიძე-გული,მონა,ლოცვა,გულთამხილავის მსჯავრი

–გული

მოკვდა.
დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.
მოკვდა უცხოეთში.
– ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.
ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:
– შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.
– ბატონებო, გული, გული, სადღაა?
გულის მაგიერ ფერფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?
კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:
– მე დავაჭკნე!
– მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.
სიტყვები არავის გაუგონია.

–მონა
ჯვარედინ გზაზე ისმის:
– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
– მე სუსტი ვარ…
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
– არ მაქვს იმედი…
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
– მეშინია უარესის…
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი… შიმშილი…
….
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.


–ლოცვა

ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! გულწრფელია, უფალო, მხოლოდ ლოცვა ჩემი; უმანკოა სურვილი ჩემი; ღრმაა ტანჯვა ჩემი; სპეტაკი არს სული ჩემი. ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! მუხლს ვიყრი შენს წინაშე; ცრემლსა ვღვრი, უფალო, და შემოგღაღადებ. არ მსურს, უფალო, ტანჯვანი შემიმსუბუქო; ცოდვა შემინდო. არა, უფალო: უანგაროა ლოცვა ჩემი და ფაქიზი ვედრება ჩემი. მოვედი წინაშე შენსა, უფალო, რათა გადმოგცე: აღტაცება ჩემი, სიყვარული ჩემი შენდამი; რათა იცოდე, უფალო, თუ როგორ დაუვიწყარ და სანატრელ ხარ ჩემთვის. ამაგდე გენიასა; ნუ გამიკითხავ მოწყალებითა, უფალო, ოღონდ სხივმფენს სახესა შენსა შემახედა; ნუ მომაკლებ სიყვარულსა შენსა, როგორც მე არ შემირყევია სიყვარული შენდამი თვით წამთა ბოროტმოქმედებათა ჩემთა. ვშორდებოდი საუფლოსა შენსა ბოროტად სავლელად, მაგრამ სახე შენი, სიყვარული და თაყვანისცემა შენდამი შეულახველად, წმინდად თანა დამქონდა. მრისხანე ხელი შენი მსჯიდეს, ხოლო გულსა შენსა ვუყვარდე.
აზრსა შეუქმნია სურათი ბილწი, გულსა კი ჰყავდი შენ მანათობლად, ნუგეშად, წყლულთა მალამოდ. ნუ შემინდობ, ოღონდ გიყვარდე. დამსაჯე, ოღონდ ნუ აიღებ ჩემზე ხელს.

გულთამხილავის მსჯავრი

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
– იცოდით ნება ჩემი?
– ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.

– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
– არ ვიცი, არ წამიკითხავს.
– შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.
– გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, – მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
– არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.
– შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
– დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
– შენ?
– რა?
– მოგიკლავს ადამიანი?
– არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
– გითქვამს ტყუილი?
– ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი.
– გიმრუშია?
– არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
– გიგმია ღმერთი?
– არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.
– თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
– ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
– რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
– განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
– შენ?
– ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო!
– მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
– მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
– შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s